გალაკტიონის ქ. 20-ში მდებარე სახლის ისტორია
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში, სოლოლაკში, რომელიც გამოირჩევა განთქმული არქიტექტურული, ისტორიული შენობებით, მდებარეობს გალაკტიონის ქუჩა, რომელიც XIXს. განის ქუჩად,ხოლო მოგვიანებით ა.წერეთლის ქუჩად იწოდებოდა. სწორედ გალაკტიონის ქ. 20-ში დგას გამოჩენილი გერმანელი არქიტექტორის, ოტტო სიმონსონის პროექტით, 1859 წელს აშენებული 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც იმ დროინდელმა თბილისელმა სომეხმა, იაგორ თამამშევმა დაუკვეთა. ამ სახლში გამოჩენილი და საინტერესო ბედის მქონე, ქართული გენის მატარებელი სმირნოვების სამი თაობა ცხოვრობდა. 1876 წელს იაგორ თამამშევმა შვილისშვილი – ლიზა თამამშევა მიხეილ სმირნოვს მიათხოვა, რომელიც საქართველოში ვორონცოვთან სამსახურში იყო მოვლენილი და ეს სახლი მას მზითვში მისცა. მიხეილ სმირნოვმა 1874 წელს პეტერბურგიდან თბილისში, “სმირნოვების საგანძური” და დედის, იმ დროისათვის ცნობილი ქალბატონის, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის კუთვნილი პეტერბურგის სალონის ნივთები ჩამოიტანა და მოგვიანებით გალაკტიონის 20-მა, ალექსანდრას ჩვეული “სალონური ცხოვრებით” გაითქვა სახელი. ამ სახლს სხვადასხვა დროს ბევრი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა. გალაკტიონი 20-ის ბინადართა, სმირნოვების ყველა თაობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ სფეროში და რაც მთვარია, სმირნოვების ბოლო წარმომადგენელმა მიხეილმა, ოჯახის რელიქვია და სახლი 1984 წელს საქართველოს უანდერძა.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ე ბ ი
მიხეილ სმირნოვი
მიხეილ სმირნოვი დაიბადა 1847 წ. კალუგაში, კალუგის გუბერნატორ ნიკოლოზ მიხეილის ძე სმირნოვისა და იმპერატორის კარის ყოფილი ფრეელინას, ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის ოჯახში. ბავშვის მამა, ნიკოლოზ სმირნოვი, ძველი მოსკოვური გვარის წარმომადგენელი იყო. მისი ერთ-ერთი წინაპარი სერგეი ლეონტის ძე ბუხვოსტოვი, პირველი რუსი ჯარისკაცი, პეტრე პირველის არმიაში მსახურობდა. ხელმწიფე დიდად აფასებდა თავის ერთგულ ჯარისკაცს, რომელიც ყველა მის მიერ ჩატარებული ბრძოლის მონაწილე იყო და ბრძოლების შემდგომ, ალაფითაც ასაჩუქრებდა. ასე მოხვდა პეტრე პირველის ნაჩუქარი და თავად პეტრე პირველის ხელით ნაკეთი არაერთი ნივთი სმირნოვების კოლექციაშიც.
ახალშობილის დედა, ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი, 1809 წლის 6 მარტს, ოდესაში, ოსიპ ივანეს ძე როსეტის (1760-1813) და ნადეჟდა ივანეს ასული ლორერის (1790-1825) ოჯახში დაიბადა. როსეტი ძველი თავადური გვარია.
ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი ლიტერატურული სალონის დიასახლისი და ბრწყინვალე მემუარების ავტორი ა. პუშკინის, ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, ნ. გოგოლის, ე. როსტოპჩინის, ა. ტურგენევის, კ. ბრიულოვის, ა. მიცკევიჩის, ფ. ლისტის უახლოესი მეგობარი იყო. ამ ქალბატონის განუმეორებელი სახე XIX საუკუნის რუსულმა პოეზიამ და პროზამ უკვდავყო.
ალექსანდრა როსსეტი, პ.ფ. სოკოლოვი
სასწავლებლად, ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს ირჩევს. წარჩინებული სწავლისთვის უნივერსიტეტის ოქროს სიაშიც კი შეჰყავთ. 20 წლის ასაკში 1867 წელს, უკვე საკანდიდატო დისერტაციის გამოცდებს აბარებს. თუმცა, მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურის დაწყების სურვილისა, მას თბილისში, მთავარმართებელ ვორონცოვთან საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის თანამდებობაზე სამუშაოდ აგზავნიან.
მიხეილი, ფეხით შემოივლის წინაპრების მთელ ქვეყანას. აკვირდება ჰავას, ფლორას და მისი საბოლოო და ძირითადი საქმიანობა მთლიანად ბოტანიკაზე ჩერდება. მიხეილ სმირნოვის მიერ, სამეცნიერო სამყაროსთვის გაცნობილი ათეულობით კავკასიური ენდემური ჯიშის ლათინურ სახელწოდებებში, მისი პირველაღმომჩენის გვარიც (სმირნოვი) ფიგურირებს. მას კი, სამართლიანად მიიჩნევენ კავკასიაში გეობოტანიკური რაიონირების წამომწყებად. მიხეილ სმირნოვი აქტიურად მონაწილეობს თბილისის ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკის შექმნაში. ოცნებობდა კავკასიის ალპური ბაღის გაშენებაზე. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში ინახება მიხეილ სმირნოვის ჰერბარიუმი.
1876 წ. მიხეილ სმირნოვი ქორწინდება ლიზა (ელისაბედ) თამამშევაზე (1854-1919). იმავე წელს შეეძინათ შვილი გიორგი (1876-1964 88 წ.) თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ქორწინებაში ის ბედნიერი იყო.
მიხეილ სმირნოვი და ლიზა (ელისაბედ) თამამშევა
დიდია მიხეილ სმირნოვის ღვაწლი მეცნიერების სხვადასხვა სფეროში – დაწყებული ლინგვისტიკითა და ისტორიით – დასრულებული გეოგრაფიითა და ბოტანიკით. წლების განმავლობაში ნაგროვები სამეცნიერო კოლექციები ანთროპოლოგიური მონაცემები, მცხეთის მახლობლად, სამთავროს სამაროვანის გათხრებისას აღმოჩენილი თავის ქალების შესწავლის მასალები, ფენოლოგიური დაკვირვებები საქართველოში, რუსეთსა და ევროპაში გამოცემულ არაერთ პუბლიკაციას დაედო საფუძვლად.
სმირნოვი მუშაობდა მდიდარ ადგილობრივ ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ და ლინგვისტურ მასალებზეც. შექმნილ ნაშრომებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მუდამ მაღალგანვითარებული ხალხი ბინადრობდა. პარიზში, „REVUE ANTHROPOLOGY” -ს ერთ-ერთ ნომერში მისი სტატია, კავკასიის ეთნოგრაფიის შესახებ დაიბეჭდა. სადაც აღინიშნა, რომ ევროპაში თითქმის არაფერი იციან ამ რეგიონის ხალხების ენებისა და ტიპაჟების შესახებ. ნაშრომში განისაზღვრა ეთნოგრაფიის, ეთნოგენურობისა და ეთნოლოგიურობის ზუსტი მნიშვნეობები. მიხეილ სმირნოვი კავკასიის ეთნოგრაფიის შესწავლის კომპლექსური მეთოდის აუცილებლობის მომხრეა. რისთვისაც, ანტიკური და თანამედროვე მკვლევართა მოსაზრებებს იშველიებს. მოყვანილი ციტატები ცხადყოფს, რომ მიხეილ სმირნოვი საფუძვლიანად იცნობს ვახუშტი ბატონიშვილისა და ა. ცაგარელის შრომებს.
1881 წელს მ. სმირნოვი, ქართველ და ევროპელ მეცნიერებთან ერთად, სრულიად რუსეთის მე-5 არქეოლოგიურ ყრილობაში მონაწილეობს. სმირნოვის საახლობლო წრეში, სამეცნიერო წრეებთან ერთად ისეთი პროფესიის ადამიანებიც მოიაზრებიან, როგორებიცაა: აკ. ვ. აბიხი, რ. ტრაუტფეტერი, ხ. სტევენი, პ. ჩაიკოვსკი, გერმანელი არქ. ა. ზალცმანი, თავადები ს. ტუბეცკოები, შერვაშიძე და სხვა. როგორც ერთ-ერთი პირველი მეცნიერი-კავკასიოლოგი, სამეცნიერო წრეებს მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვის პიროვნება, „სმირნოვ-კავკასზსკის“ სახელით შემორჩა. გალაკტიონის 20-ში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული და მუსიკლაური საღამოებიც. სტუმრობდნენ: პ.ჩაიკოვსკი, ი. აივაზოვსკი, რუბინშტეინი, ი. ჭავჭავაძე, კ. აბაშიძე, დ. სარაჯიშვილი, პ. მელიქიშვილი, ტ.ტაბიძე, გ.ლეონიძე…….
მიხეილ სმირნოვი ახლაგაზრდა, 45 წლის ასაკში, 1892 წ. ოდესაში გარდაიცვალა.
(წყ. ჩვენი მწერლობა, #6, 2006, 17 მარტი.გვ. 28, შორენა ლებანიძე; “სმირნოვების სახლი-საჩუქრად საქართველოს”, თბილისი 2009)
ელისაბედ (ლიზა) თამამშევა
ლიზა (ელისაბედი) სიმრნოვა-თამამშევა (1854-1919)
ლიზა (ელისაბედი) მიხეილის ას. თამამშევა დაიბადა 1854 წ-ს ძვ. სომხურ ოჯახში. ბაბუა, იაგორ ივანეს ძე თამამშევი და მისი ძმა გაბრიელი უმდიდრეს თბილისელ სომეხ ვაჭრებად ითვლებოდნენ. XIX ს-ის დასწაყისში იაგორს საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.1851 წ. თბილისში, ერევნის მოედანზე (ამჟამად თავისუფლების) კავკასიის მთავარმართებლის ვორონცოვის დავალებით, გაბრიელ თამამშევმა კავკასიაში პირველი თეატრის შენობა ააგო ( არქ. ჯ.სკუდიერი. მხატვ. გ. გაგარინი). 1859 წელს, (განის ქ. ახლანდელი გ. ტაბიძე N 20) მის კუთვნილ ნაკვეთზე, იაგორ თამამშევმა არქ. ოტო სიმონსონის პროექტით საცხოვრებელი სახლის მშნებლობა დაუკვეთა.
ლიზას მამა-მიხეილ იაგორის ძე თამამშევი დაქორწინდა ბარბარე ვასილის ასულ ყორღრანოვაზე (ყორღანაშვილი). მათ ჰყავდა ოთხი შვილი, 2 ქალიშვილი-ელისაბედი და ეკატერინე და 2 ვაჟი- ვასილი და გიორგი..
“მომხიბლავს, ჭკვიანს, ფრიად განსწავლულს, „ევროპიული ენების“ ზედმიწევნით მცოდნესა და „მაღალი
შტილით მეტყველ“ ელისაბედ თამამშევას, რჩეულ ბანოვანთა რიცხვს მიაკუთვნებდნენ, მაგრამ განსჯასაც არ აკლებდნენ. ტფილისელების ეჭვიან, ჩასაფრებულ მზერასა და მუდმივ ქილიკს საფუძველი ჰქონდა: სომეხი ვაჭრის ქალიშვილს დიდი კნიაზის, ნიკოლაი ნიკოლაევიჩ რომანოვისადმი სიყვარულის დამალვა არ შეეძლო.
მოგვიანებით დრამაში გადაზრდილი ეს სამიჯნურო ინტრიგა ყველას თვალწინ ვითარდებოდა. დაწყებით კი, საფიქრებელია, პეტერბურგის კერძო პანსიონში გამართულ საახალწლო კარნავალებსა და სადღესასწაულო წარმოდგენებზე, ბალ-მასკარადებსა და მეჯლისებზე, მსუბუქი ფლირტით, ვალსის ცეკვით დაიწყო.
სამხედრო წრთობამიღებული, უზადოდ აღნაგი ორმეტრიანი ათლეტი ლამაზი, მოკრძალებული გოგონას წინაშე შეჩერდა. „თქვენო უდიდებულესობავ,“ – მდაბლად დაუკრა თავი საპატიო სტუმრის რანგში მიწვეულ დიდ კნიაზს შემცბარმა და დაბნეულმა ელიზავეტამ. „თქვენო უდიდებულესობავ,“ – მსგავსი სცენა გამეორდა წლების შემდეგ, სოლოლაკის „ინგლისურ კლუბში“, რომელსაც ნიკოლაი ნიკოლაევიჩი, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მოულოდნელად ესტუმრა. ელიზავეტა ძალიან გალამაზებულიყო, დაქალებულიყო. კნიაზის თავდაჭერილობის მიღმა გულწრფელი აღტაცება იკითხებოდა. დიდვაჭრის ქალიშვილმა თავგზა დაკარგა.
ელიზავეტასა და ნიკოლაი ნიკოლაევიჩის სასიყვარულო ისტორია მალე გახმაურდა. ქალაქში ათას ჭორსა და
მართალს ამბობდნენ. ესაო, „უსირცხვილო ლიზას“ ოჯახი პეტერბურგში გახიზვნას უპირებსო. ისაო, გოგო ბავშვს
ელოდებაო… თამამშევებმა გამოსავლის ძიება დაიწყეს. გამოსავალი მალე გამოჩნდა – მიხეილ ნიკოლაევიჩ სმირნოვმა ელიზავეტას ხელი ითხოვა. ქალი დედ-მამის მკაცრსა და შეუვალ განაჩენს დამორჩილდა. საქორწინო გარიგების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ოჯახური სკანდალის თავიდან აცილება იყო. 1876 წელს ელისაბედ თამამშევა ცოლად მიყვება მიხეილ სიმრნოვს, იმპერატორის კარზე მიღებულ ალექსანდრა ოსიპოვნა როსეტისა და პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის ნიკოლოზ სმირნოვის ერთადერთ ვაჟს.
29 წლის მიხეილი სასურველი სასიძო იყო. “სოლოლაკშიც ხმა დაირხა, ვაჭარმა თამამშევმა უფროსი ქალიშვილი “პეტერბურღელ კნიაზს” მიათხოვა და მდიდრული მზითვის სანაცვლოდ ოჯახის მატერიალრი საძირკველი თავადის წოდებით გაამყარაო.” იმ დროინდელ “ტიფლისში” დიდი თუ პატარა რუსი წარჩინებულისა და “ავლაბრელი კინტოს” ქორწინებაზე ბჭობდა”. (წყ. ჩვენი მწერლობა, #6, 2006, 17 მარტი.გვ. 28, შორენა ლებანიძე; ) მზითვში, უმდიდრესი თამამშევების სხვა ქონებასთან ერთად, ლიზამ -დედის ბარბარეს სურვილით, დამატებით მიიღო სახლი, გ. ტაბიძის ქუჩა N 20, სადაც ამჟამად „სმირნოვების მუზეუმია“ განთავსებული.
ლიზა სმირნოვა-თამამშევა და მიხეილ სმირნოვი
იმავე 1876 წელს, ლიზა სმირნოვა-თამამშევასა და მიხეილ სმირნოვს ვაჟი, გიორგი შეეძინათ.
მიხეილისა და ლიზას ოჯახში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები. სხვადასხვა დროს სახლს სტუმრობდნენ: პ. ჩაიკოვსკი, კ.აბაშიძე, დ. სარაჯიშვილი, ი.ჯავახიშვილი, პ. მელიქიშვილი, ე. ლანსერე, ტ, ტაბიძე, გ. ლეონიძე და მრავალი სხვა გამოჩენილი პიროვნება. მუზეუმში ინახება ჩაიკოვსკის ფოტო მისი ავტოგრაფით, რომელიც 1886 წელს, ჩაიკოვსკის თბილისში პირველი სტუმრობისას მან ლიზას უსახსოვრა.
1890-იან წლებში ელიზავეტა თამამშევა პეტერბურგში ბრუნდება, სადაც მან “სმირნოვების საგანძურის” დიდი ნაწილი ჩაიტანა და სამუდამოდ დასახლდა ვასილიევსკი-ს კუნძულზე, სადაც მას მოგვიანებით დიდი ხის უნახავი შვილი, უკვე პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი სმირნოვი ესტუმრა. სწორედ აქ შეხვდა გიორგი პირისპირ პირველად და უკანასკნელად ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვს.
მან ხელი გაუწოდა გიორგის და კითხვით მიმართა : “იმედია იცით ვისი შვილი ხართ?“. გიორგი გაწითლდა და უპასუხა: “რა თქმა უნდა ვიცი, მამაჩემის შვილი ვარ.”(წყ. ჩვენი მწერლობა, #6, 2006, 17 მარტი.გვ. 28, შორენა ლებანიძე; )
1900 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გიორგი სმირნოვი ლეიფციგში მიდის სტაჟირებაზე. დაბრუნებისას უარს ამბობს პეტერბურგში შეთავაზებულ სამსახურზე და საქართველოში ბრუნდება.
1917 წლის რევოლუციის შემდგომ დიდი კნიაზი (რომანოვი) ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ლიზა კი ვასილევსკის კუნძულზე დარჩა, სადაც მას ჩამოართვეს ყველაფერი და ქუჩაში გააძევეს. უსახლ-კარო, ჭკუიდან შეშლილ, ქუჩაში მოხეტიალე ლიზას ისევ თბილისელმა სომხებმა უპატრონეს.
1919 წელს, 60-ს გადაცილებული ელიზავეტა (ლიზა) სმირნოვა-თამამშევა პეტერბურგში, სულით ავადმყოფთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
(წყ. ჩვენი მწერლობა, #6, 2006, 17 მარტი.გვ. 28, შორენა ლებანიძე; )
ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტი
(1836წ.- ა. რემი, ბერლინი)
თბილისში, გალაქტიონ ტაბიძის № 20-ში, სმირნოვების სახლში, ერთმანეთზე მყარად იყო გადაჯაჭვული სხვადასხვა ეპოქები, მხატვრული სტილები და საუკუნეთა სიღრმეში განფენილი გენეოლოგიური ფესვები, რომლებიც ამ გვარს ქართლ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, იტალიურ, პოლონურ და ფრანგულ საწყისებთან აკავშირებს.
ალექსანდრა სმირნოვა- როსსეტი, 1809 წლის 6 მარტს ოდესაში, ოსიპ ივანეს ძე როსეტის (1760-1813) და ნადეჟდა ივანეს ასული ლორერის (1790-1825) ოჯახში დაიბადა. როსეტი ძველი თავადური გვარია, თუმცა მის წარმომავლობას ზოგი მკვლევარი იტალიას, ზოგი შვეიცარიას უკავშირებს. საუბარია უნგრულ ფესვებზეც კი. საკუთარი გვარის წარმოშობაზე განსხვავებული აზრის მქონე ოსიპ როსეტის შვილები, თავის წინაპრებს საფრანგეთში ეძებდნენ, რის გამოც გვარის იტალიური ფორმა როსეტტ-ი, ფრანგულ ყაიდაზე- როსეტ-ად შეკვეცეს.
ალექსანდრას დედის, ნადეჟდა ივანეს ასული ლორერის ფრანგი წინაპრები რელიგიური დევნის გამო გერმანიაში ლოტარინგიიდან გადმოხვეწილი ლორეინები იყვნენ. გერმანიაში ისინი მალევე ასიმილირდნენ. ნადეჟდასა და დეკაბრისტ ნიკოლოზ ივანეს ძე ლორერის მამა, ივანე ივანეს ძე ლორერი, რუსეთში 1750-იანი წლებისთვის, პეტრე III-ის გოლშტინების ჯარისკაცთა მცირე რაზმს ჩამოჰყვა. გადადგომის შემდეგ, ჰერსონის გუბერნიის თავადი, კოლეჯის მრჩეველი, ვოზნესენსკის გუბერნიის მმართველობის მრჩეველი და საბოლოოდ ჰერსონის ვიცე-გუბერნატორია. ივანე ლორერი ქართველ თავად, ეკატერინე ევსეის ასულ ციციშილზე დაქორწინდა. ციციშვილების გვარი ქართლისა და კახეთის უძველესი თავადური შტოდან იღებს სათავეს და ქალის ხაზით, ქართველ სამეფო დინასტიასაც უკავშირდება. ნადეჟდას და-ძმებიდან, დეკაბრისტ ნიკოლოზ ლორერის გარდა, ცნობილია-კავალერისტი და აუსტერლიცთან დაჭრილი ალექსანდრე, გადამდგარი როტმისტრი – დიმიტრი, დები- ეკატერინა, ელიზავეტა, ევდოკია და ვერა.
ალექსანდრას მამა, ოსიპ ივანეს ძე როსეტი ძველი ფრანგული გვარისგან იღებდა სათავეს. იყო ოდესის პორტის კომენდანტი, ჭირის ეპიდემიის დროს, 1814 წელს გარდაიცვალა. ასაკით ბევრად ახალგაზრდა ალექსანდრას დედა, ნადეჟდა ივანეს ასული ლორერი (1780-1850) მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ი.ა. არნოლდიზე მეორედ გათხოვდა ბავშვები კი, გასაზრდელად გაუგზავნა ბებიას, ეკატერინე ევსეის ასულ ლორერ -ციციშვილს გრამაკლეას მამულში (უკრაინა) ქ. ნიკოლაევთან. მოგვიანებით, ბავშვები სწავლობენ პეტერბურგში: ვაჟები- პაჟთა კორპუსში, ალექსანდრა- ეკატერინეს ინსტიტუტში, სადაც შესაბამისი განათლებითა და აღზრდით, საიმერატორო კარის მომავალ ფრეელიებს ამზადებდნენ.
1820 წ. ალექსანდრა როსეტი პეტერბურგის წმ. ეკატერინეს ორდენის სასწავლებელში ჩაირიცხა. სწავლის დასრულებისთვის, ალექსანდრას გარდაცვლილი ჰყავდა ბებიაცა და დედა. ის სრულებით მარტოდმარტო დარჩა.მისმა ნათლიამ დიუკ რიშელიემ, საფრანგეთში დაბრუნების წინ, ალექსანდრა იმპერატორს წარუდგინა და ფრეელინად მისი აყვარანის რეკომენდაცია გაუწია. ასე ხვდება ალექსანდრა როსსეტი სიმპერატორო კარზე და ჯერ იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას, მოგვიანებით კი ალექსანდრა ფიოდოროვნას ფრეეილინა ხდება. ზამთრის სასახლეში ალექსანდრა იმპერატორთან დაახლოებულ პირთა წრეში ტრიალებდა, სადაც უამრავ ნაცნობს, მეხოტბესა თუ მოშურნეს იძენს. სამეფო კარის სასიამოვნო, ოფიციალური და ხან დამქანცველი ცხოვრების მიუხედავად, ალექსანდრა თავის ახლო მეგობრებსა და ნათესავებზე ზრუნვასაც ახერხებს.
მომხიბლავი, ჭკვიანი, ენამახვილი ალექსანდრა, იმპერატრიცის ერთ-ერთი საყვარელი ფრეელინა – მორიდებული ქალბატონია, რომელიც მეგობრობდა კარამზინის ქალიშვილთან- სოფია ნიკოლოზის ასულ კარამზინთან და სტუმრობდა მისი დედინაცვლის, ე.ა. კარამზინას სალონს, სადაც XIX საუკუნის 20-40 აინი წლების პეტერგბურგის კულტურულ ცხოვრებას ეზიარებოდა.
1832 წლის 11 თებერვალს, უმზითვო ალექსანდრა როსეტი, ორი წლის ორჭოფობისა და ალექსანდრა ფიოდოროვნას რჩევით, ცოლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკს- ნიკოლოზ სმირნოვს(1807-1870) მიჰყვება. ქორწინება ანგარებიანი იყო და შემდგომში, სმირნოვა-როსსეტი ამბობდა, რომ -“ქმარი მეგობრულად უყვარდა”.
1833-1837 წწ. ალექსანდრა რამოდენიმეჯერ მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ცხოვრობს ბერლინში, კარლსბადში, მარიენბადში. ამ პერიოდში გაიცნობს ნ.დ. კისილიოვს და მათი გრძნობა ურთერთგატაცებაში გადაიზრდება. ეს ალექსანდრას მეორე სიყვარულად შეიძლება ჩაითვალოს.
პუშკინის გარდაცვალების ამბავი, სმირნოვებს პარიზში მოუსწრებს, სადაც ნიკოლოზ მიხეილს ძე სმირნოვი რუსეთის საელჩოში მუშაობს.
(ა. სმირნოვა-რისეტი, პეტრე ფიოდოროვის ძე სოკოლოვი, 1834-35წ. აკვარელი)
1837 წელს, ქალიშვილის, ალექსანდრას გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრა ოსიპოვნა ტოვებს პარიზს და გადადის ფლორენციაში. შემდეგ დიუსელდორფდში და საბოლოოდ-ბადენ-ბდენში. მეუღლის კარიერა წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ 1838 წელს, სმირნოვი კარის ცერემონიმეისტერად ინიშნება და ოჯახიც (ამ დროს უკვე სამი შვილით) პეტერბურგში ბრუნდება.
(1837 წ. – ჰ. ვინტერჰარტერი, პარიზი)
ალექსადრას “ჩერქეზულ თვალთა” მომნუსხველი ხიბლის აღწერაში ერთმანეთს ფარულად ეპაექრებოდნენ კარამზინის სალონის ხშირი სტუმრები, XIX ს-ის გამოჩენილი რუსი პოეტები. განთქმული აღმოსავლური სილამაზის გარდა ალექსადრა მრავალმხრივი ნიჭიერებითა და ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩეოდა. მან ადვილად შეძლო რამოდენიმე კვირაში ბერძნული ენის შესწავლა, ალექსანდრა ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, უკრაინულ და ძველ ებრაულ ენებს. მისი დახვეწილი რუსული, პუშკინსაც კი აღაფრთოვანებდა. ალექსანდრა როსეტი მუზიცირებას ბეთხოვენის მოსწავლესთან, ქ-ონ გირტთან სწავლობდა. მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული ქალბატონი ალექსანდრას ინტერესის არეალში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეციერებებიც შედიოდა. დაინტერესებული იყო საღვთისმეტყველო საკითხებითაც და წმ. მამების შრომებს ორიგინალში, ძველ ებრაულ და ბერძნულ ენებზე კითხულობდა.
ალექსანდრა სმირნოვა-როსეტი გარდაიცვალა პარიზში 1882 წ. 9 სექტემბერს, ხოლო ანდერძის თანახმად დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის სასაფლაოზე. დაკრძალვას ესწრებოდნენ მისი ვაჟი მიხეილი და შვილისშვილი გიორგი.
ალექსადრას შვილები:
- ალექსანდრა ნიკოლაევნა (1834-1837); (ტყუპისცალი)
- ოლგა ნიკოლავენა (1834-1893) გაუთხოვარი. (ტყუპისცალი);
- სოფია ნიკოლოზის ასული (1836-1884) მეუღლე-ანდრეი ვასილის ძე ტრუბეცკოის (1813-1889);
- მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვი (1847-1892) მეუღლე ელისაბედ სმირნოვა-თამამშევა(1854-1919). სწორედ ის გახლდათ თბილისში სმირნოვების სახლის პირველი ბინადარი.
( “სმირნოვების სახლი-საჩუქრად საქართველოს”, თბილისი 2009)
ნიკოლოზ სმირნოვი
(ნ.მ. სმირნოვი, ლითოგრაფია 1935წ. ვერნერი)
პეტერბურგის ცნობილი ქალბატონის, ალექსანდრა როსსეტის მეუღლე, ნიკოლოზ მიხეილის ძე სმირნოვი (1807–1870) მოსკოვის ძველი თავდური გვარის წარმომადგენელი იყო. მისი და ალექსანდრას ქორწინება ანგარებიანი იყო. ალექსანდრა როსსეტი, მეუღლეს ცოლად, მხოლოდ ორი წლის ფიქრის შემდეგ და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას რჩევით გაჰყვა. ცოლ-ქმარი 1832 წლის იანვარში დაქორწინდნენ.
ძალზე მდიდარი მიწათმფლობელის, მიხეილ პეტრეს ძე სმირნოვის ვაჟი, ნიკოლოზი ადრე დაობლდა. 16 წლის ნიკოლოზი, მეურვე ბიძის მიერ, გუვერნიორებთან და მოსამსახურეებთან ერთად სამოგზაუროდ საზღვარგარეთ იქნა გაგზავნილი.
ნიკოლოზ სმირნოვის საინეტრესო სამსახურეობრივი კარიერა ჰქონდა:
სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, საიდუმლო მრჩეველი. 1845-1851 წწ. მუშაობს კალუგის გუბერნატორის პროსტზე.
მშობლები- მიხეილ პეტრეს ძე სმირნოვი და ფეოდოსია პეტრეს ასული ბუხვასტოვა.
ნიკოლოზ მიხეილის ძე სმირნოვმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსისტეტი.
1825-1828 წწ- მსახურებდა იტალიის მისიის უცხოეთის კოლეგიაში; 1833 წელს, უცხოეთიდან დაბრუნებული სმირნოვები პეტერბურგში, „ბოლშაია კონიუშეშენნაიას“ ქუჩაზე მკვიდრდებიან. მას შემდეგ, ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის სალონში რჩეული საზოგადოება იყრის თავს. სხვადასხვა დროს, სმირნოვების ოჯახს სტუმრობდნენ მ.ს. შჩეპკინი, ვ.გ. ბელინსკი, ა.კ. ტოლსტოი. მათი ხშირი სტუმარია პუშკინიც. ცნობილია, რომ სწორედ მათ ოჯახში წაიკითხა დიდმა პოეტმა „პუგაჩოვის ისტორია“.
ნიკოლოზ მიხეილის ძე, პუშკინს, ფინასური სირთულეების დროსაც ეხმარებოდა. პუშკინის მევალეთა სიაში აღნიშნული სმირნოვის მიცემული იყო 5000 რუბლიც. სმირნოვს ეს თანხა, პუშკინის სიკვდილის შემდეგ, სამეურვეოს მიერ დაუბრუნდა. 1850 წელს, ალექსანდრა ოსიპოვნას მხარდაჭერით და მეუღლის თანხმობით, კალუგის თეატრში, ცენზურის მიერ აკრძალული გრიბოედოვის კომედია, „ვაი ჭკუისაგან“ დაიდგა. სპექტაკლი 2-ჯერ, 11 და 20 ანვარს იქნა ნაჩვენები, ხოლო შემდეგ, გუბერნატორის სახელზე საგანგებოდ მოსული დეპეშის საფუძველზე აიკრძალა.
წლების მანძილზე, ნიკოლოზ სმირნოვის მეუღლე, ალექსანდრა როსსეტი (სმირნოვა) მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებდა ნ.მ. გოგოლთან. 1847 წელს, ალექსანდრა როსეტი გოგოლს, სამუშაოდ, მოსკოვის მახლობლად არსებულ სმირნოვების სამოსახლოში, სპასკოეში იწვევს. თუმცა, მწერალი ჩასვლას მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 1851 წლის იანვარში ახერხებს. ამ პრიოდში, ის “მკვდარი სულების” მეორე ტომზე მუშაობს. ეს მისი სიცოცხლის ბოლო წელი იყო. მას, სიცოცხლის რამოდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ზაფხულში კი, გოგოლი კალუგაშიც ჩადის და სმირნოვების მამულში, ბოგიჩევო მედინსკის მაზრაში სტუმრობს. სწორედ კალუგაში იქნა წაკითული ნაწყვეტები წიგნის მეორე თავიდან. „კალუგის კითხვებს“,თავისთავად, ალექსანდრა სმირნოვაც ესწრებოდა. რიგი ლიტერატურათმცოდნეების აზრით, ავტორმა ნაწაროებში კალუგის გუბერნატორ სმირნოვის ცხოვრების ეპიზოდები გამოიყენა.
1835-1837 წლებში ნიკოლოზ სმირნოვი ბერლინის რუსეთის მისიის წევრია; 1839 წლიდან, მუშაობს საიმპერატორო კარის ცერემონიმეისტერის თანამდებობდაზე; 1842 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში-მრჩევლად; 1845 წლიდან კი- კამერგერის მოვალეობას ასრულებს; 1845 წლის 28 აგვისტოდან 1851 წლის 14 მარტის ჩათვლით, ნიკოლოზ სმირნოვს კალუგის გუბერნიის სამოქალაქო გუბერტნატორის პოსტი უჭირავს;
1851-1855 წწ.- კვლავ შინაგან საქმეთა სამნისტროშია; 1855-1861 წლებში კი, უკვე სანკ-პეტერბურგის გუბერნატორი ხდება. 1861 წლიდან ნიკოლოზ სმირნოვი მოსკოვთან არსებული მმართველი სენატის სენატორია. გადადის მოსკოვში, სადაც სისხლის სამართლის მე-2 განყოფილების დეპარტამენტში მუშაობს; მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში; ფლორენციაში; არის საჯინიბოსა და 18 საუკეთესო ცხენის მეპატრონე. თუმცა, თანამედროვეთა აზრით, ძალზე განებივრებული და მდიდარი „დედიკოს ბიჭის“ შთაბეჭდილებას ტოვებდა. გარეგნობით თეთრი პირისახის და ულამაზო. აღნიშნავდნენ, რომ ბევრი და თვითკმაყოფილი საუბარი ახასიათებდა. იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას რჩევით დაქორწინებული ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტი თავის ჩანაწერებში, სმირნოვთან ქორწინებაზე შემდგომ ყვება: „თავდაპირველად, სმირნოვის მიმართ განწყობილი ვიყავი, მაგრამ მანაღვლიანებდა მისგან ღირსების უქონლობა, აღარაფერი რომ ვთქვა უფრო ინტიმურ ურთერთობებზე, რა დროსაც, ნამდვილი სიყვარულით არ გიყვარს“. ცოლ-ქმრის ურთერთობაზე მეტყველებს პეტერბურგის უმშვენიერესი ქალბატონის აღიარებაც, რომ „თავი, ძმებისთვის ექვსი ათას სულზე გავყიდეო“. პუშკინსაც, არაერთხელ უთქვამს ალექსანდრა ოსიპის ასულისთვის, რომ მისი მანერებითა და კამათით,მეუღლე(ნიკოლოზი) ალექსანდრას მაღალ წრეში მდგომარეობას უფუჭებდა.
სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დროს, ნიკოლოზ სმირნოვმა იტალიელ მხატვრთა ძალზე საინტერესო კოლექციის შეგროვება მოაერხა. თუმცა, ბანქოსა და აზარტული თამაშებით, სიცოცხლის ბოლოს ქონება საგრძნობლად გაფლანგა.
პუშკინი, ნიკოლოზ სმირნოვმა 1828 წელს გაიცნო. მასთან მეგობრობდა, თუმცა განსაკუთრებული სიახლოვთ არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, შთამომავლობას, მის შესახებ ძალზე მოკლე, მაგრამ ღრებული მოგონებები დაუტოვა.
1867 წელს ნიკოლოზ მსმირნოვი გადადგა და სიცოცხლის ბოლო წლები პეტერბურგთან და შემდეგ მის მამულში, მოსკოვთან ახლოს – სპასკო ბრონნიცკის მაზრაში გაატარა.
იგი გარდაიცვალა სანკ-პეტერბურგში 1870 წლის 4 მარტს. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონსატრის მიხაილოვის ეკლესიის საკურთხევლის ნაწილთან.
იაგორ თამამშევი
“იაგორ ივანეს ძე თამამშევი ძველი სომხური გვარის წარმომადგენელი, თბილისელი კინტო იყო.მას ,,პირადი თავადიშვილობა” ჰქონდა ნაბოძები. თურქეთთან და სპარსეთთან ომის დროს დაგროვილი კაპიტალის მეოხებით ის და მისი ძმა გაბრიელი უმდიდრეს თბილისელ ვაჭრებად ითვლებოდნენ. XIX ს-ის დასაწყისში იაგორს საპატიო მოქალაქის წოდებაც მისცეს.
თამამშევების უძრავი ქონება, ვილა-წისქვილის გარდა, კოჯრის, კისლოვოდსკის აგარაკებს, დიღმის, ნავთლუღის,
ორთაჭალის მიწებს, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს მოიცავდა. ერთი ველიამინოვის 15-ში. მეორე განის 20-ში აშენდა. 60-იან წლებამდე აქ, სალალაკად წოდებულ გარეუბანში, ხილის ბაღები, აუთვისებელი ნაკვეთები იყო, ხოლო კანტი-კუნტად გაბნეულ კარ-მიდამოთაგან ყველაზე მდიდრული – დღევანდელი მწერალთა კავშირის ნაგებობა – ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. მომიჯნავე ფლიგელში ლერმონტოვის შორეული ნათესავი, გრიბოედოვის მეგობარი ქალბატონი ახვერდოვა ცხოვრობდა. ნინო ჭავჭავაძემ გრიბოედოვი სწორედ ახვერდოვას ბინაში გაიცნო. სალალაკის განაშენიანებას სომხური ბაზრის (ახლანდელი ლესელიძის ქუჩის) ტერიტორიაზე სეიდაბად-ავლაბრიდან სავაჭრო ცენტრის გადმოტანამ და ადმინისტრაციულ კორპუსთან სიახლოვემ შეუწყო ხელი. სალალაკის ხილის ბაღები და ნაკვეთები გაიყიდა. მიხეილის მამამ, ეგორ (იაგორ) ივანოვიჩ თამამშევმა ოტო სიმონსონის პროექტის მიხედვით ორსართულიანი სახლის მშენებლობა გადაწყვიტა. მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდა. პროექტმა გაამართლა. სულ მალე ახალდაგებულ გზებზე ე.წ. „სიმონსონისეული სახლების“ რიგი გამწკრივდა.
თამამშევის ქონება თვალდათვალ გაიზარდა. მილიონერი ეგორ ივანოვიჩი მაღალ საზოგადოებაში მიღებულ, გავლენიან
ფიგურად იქცა. უკვე აღარავინ ახსენებდა მის წარმომავლობას, დროს, როცა საკინძეჩახსნილ, დაწინწკლულ ჩითის პერანგში, მოკლე ახალუხსა და უბეგანიერ, ნაოჭებიან შარვალში გამოწყობილი ავლაბრელი კინტო თავზე შემოდგმული სინით (თაბახით) ხილ-ბოსტნეულს ქუჩაქუჩა დაატარებდა. როცა უფულო, მაგრამ მიზანსწრაფულ
და ალღოიან თამამშევს ხსნად 20-30-იანი წლების სამხედრო-პოლიტიკური ბატალიები მოევლინა.
ეგორ ივანოვიჩმა იმპერიის ცენტრალური პროვინციებიდან ცხენების ჩამოყვანა დაიწყო. ცხენებს რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-სპარსეთის ფრონტებზე მიმავალი ჯარისკაცები ყიდულობდნენ. ვაჭარი გამდიდრდა. თანხის ნაწილი ბავშვთა ფონდში შეიტანა, ხოლო სანაცვლოდ ორდენი, მოქალაქეობა და პირადი აზნაურობა დაიმსახურა. ასე, გუშინდელი ჩარჩის წინაშე თვით ყველაზე თავკერძა წარჩინებულების სასახლეების კარიც კი ფართოდ გაიღო.
ეგორისა და მისი ძმის, გაბრიელის ბიზნესით მიხეილ სიმონიჩ ვორონცოვი დაინტერესდა. მეფისნაცვალმა თამამშევებს ერევნის (ახლანდელი თავისუფლების) მოედნის შუაგულში თეატრის აშენება სთხოვა. მაშინ ტფილისში რუსი ოფიცრების სამოყვარულო დადგმები – ქართველ თავად-აზნაურთა სახლებში, უკრაინელი
იაცენკოს მიერ ჩამოყვანილი პროფესიული დასის სპექტაკლები კი სამხედრო-საინჟინრო უწყების მანეჟში იმართებოდა.ეს საკმარისი არ იყო და ვორონცოვმა საკუთარ რეზიდენციაში საგანგებოდ თავმოყრილ ტფილისელ საქმოსნებს, ერთი შეხედვით, მომგებიანი პირობები შესთავაზა: მშენებლობისთვის გაღებული თანხა თეატრ-ქარვასლაში განთავსებული 200-მდე მაღაზიის შემოსავალს უნდა დაეფარა. საქმოსნებმა უარი თქვეს:
„მერედა, ახალმა ქარვასლამ სომხურ ბაზარს კონკურენცია რომ ვერ გაუწიოს?“
„რიყე-მეიდნის მუდმივი კლიენტურა რომ ვერ მოვიზიდოთ?“
„მოგება რომ ვერ ვნახოთ?“
თამამშევების ქარვასლა, სადაც ამქრებში გაერთიანებული ათასი კაცი მუშაობდა, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ
და მომგებიან კულტურულ-კომერციულ ცენტრად გადაიქცა. აქ ძვირადღირებული სპარსული ხალიჩების
გვერდით ვენეციური სარკეები და ჩეხური ბროლი იყიდებოდა. აქ საკანცელარიო ნივთებიდან ანტიკვარიატამდე
ნებისმიერი წვრილმანის შეძენა შეიძლებოდა. აქ, ბიბლიოთეკასთან ერთად, წიგნების პირველი მაღაზია გაიხსნა.
და თანაც, აქ იყო ის, რასაც ტფილისის ვერცერთ სხვა უბანსა და დაწესებულებაში ვერ ნახავდით – თეატრი,
ქართულ-რუსული პროფესიული დასები და იტალიური ოპერა, ყოველდღიურად გამართული კონცერტები და
წარმოდგენები, გადაჭედილი პარტერი, ლოჟები, გალიორკა.. ოპერამ ტფილისელებს „ნორმით“ დაამახსოვრა თავი.
სწორედ „ნორმის“ მსვლელობისას, 1874 წელს, ქარვასლის თეატრალური ცხოვრების 23-ე სეზონზე, შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხის სკამებს, მოაჯირებს, დეკორაციებს, სცენასა და იატაკს ცეცხლი ელვისებურად მოედო. „ჯადოქრების სასახლე“ ასანთის კოლოფივით ჩაიფერფლა. არსებობს ვერსია, რომ ხანძრის კერად ორ კომპანიაში დაზღვეული და შემდგომ შენობის სარდაფში შენახული საქონელი იქცა. მის პატრონს, ბუნებრივია, ქარვასლის გადაწვა კი არა, მცირე დანაკარგის ხარჯზე გამდიდრება სურდა.
ქალაქის უმსხვილესი კომერციული ცენტრის განადგურებამ თამამშევების ზღაპრულ სიმდიდრეს გარკვეული
დაღი კი დაასვა, მაგრამ სომეხ დიდვაჭრებს წელში გამართვა და სარფიან კაპიტალდაბანდებათა ახალი წყაროების
მოძიება არ გასჭირვებიათ.
ინგლისური კლუბი ველიამინოვზე ელიზავეტას მამამ, მიხეილ ეგოროვიჩმა ველიამინოვის (ახლანდელი
შალვა დადიანის) ქუჩაზე მდგარ ორსართულიან სახლში გახსნა და მის ზღურბლზე გადაბიჯების პატივი
მხოლოდ ქალაქის არისტოკრატიას დასდო. შესაბამისად, თამამშევებთან ყოველი სამუშაო დღის მიწურულს იკრიბებოდნენ, ბანქოს თამაშობდნენ, სიგარებს აბოლებდნენ და ჩაის მიირთმევდნენ, ქვეყნის ბედზე ბჭობდნენ ერისთოვციციანოვები, ბარათოვები, თავადი ილია ჭავჭავაძე… არაფორმალურ ვითარებაში პოლიტიკისა და საბანკო-საფინანსო სისტემის კურსს განსაზღვრავდნენ კანცელარიის ჩინოსნები. სავაჭრო გარიგებებისა და ოპერაციების ნიუანსებს ათანხმებდნენ მაგნატები. კულტურულ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო აქციებს გეგმავდნენ საზოგადო მოღვაწეები. უგვარტომო, უაზნო, უფულო „ბოგანოებთან“ ინტელექტუალურ საუბრებში გართულ მოაზროვნეებს არაფერი ესაქმებოდათ. კლუბის კარი დაკეტილი აღმოჩნდა თვით მილიონერი მანთაშოვისთვის, რომელსაც მიხეილ ეგოროვიჩმა მოურიდებლად შეუთვალა: „აქ ნუვორიშების ადგილი არ არის“.
„ჰმ!“ – მწარედ გადაიქნია თავი ვაჭარმა მანთაშოვმა, – „ეტყობა, საკუთარი წარმომავლობა დაავიწყდა“, – და აღარასოდეს გაუხედავს ველიამინოვის 15-ში მდგარი სახლისკენ, რომლის გაჩახჩახებულ დარბაზში ფეხის შედგმა,
უბრალოდ, კლუბის წევრობას კი არა, წოდებრივი ბარიერის გადალახვას, მაღალ საზოგადოებაში დამკვიდრებას ნიშნავდა.
ფაქტი: 1868 წლის შემოდგომის ერთ წვიმიან საღამოს თამამშევების სადარბაზო შესასვლელთან ხელბარგით დატვირთული ეტლი შეჩერდა. მეორე დილას სოლოლაკელებმა ქუჩისკენ გაჭრილ სარკმელთან ფუნჯმომარჯვებული მხატვარი დაინახეს. თამამშევების სტუმარი ივან (ოვანეს) კონსტანტინოვიჩ აივაზოვსკი (აივაზიანი) იყო. ის საქართველოს ორიოდე თვით ეწვია. მიხეილ ეგოროვიჩმა მას რამდენიმე ოთახი დაუთმო. აივაზოვსკი გარეთ თითქმის არ გადიოდა.
იდგა მოლბერტთან და თავაუღებლად ხატავდა: ნარიყალადან
დანახული ტფილისის მოოქროვილ ხედს, ზღვას,
ზღვას, კიდევ ზღვას – ორ-სამ საათში თითოს. ქალაქის ვიწროქუჩაბანდებიანი
უბნებისკენ მხოლოდ ახალი ფერწერული
ტილოს თემატიკის, პეიზაჟის შესარჩევად, ესკიზების მოსახაზად
მიემართებოდა. აჩერებდა ფაეტონს, რომლის კოფოზე
მოკალათებული მეეტლე დღის გმირი ხდებოდა.
„რაზე გესაუბრა აივაზოვსკი?“
„როგორ გამოიყურებოდა?“
„სად წაიყვანე, რა ნახა?“ – აინტერესებდათ გამვლელგამომვლელებს.
აივაზოვსკიმ ნახა რიყე, მეიდანი, მთაწმინდა, მაგრამ სოლოლაკში შექმნილი თხუთმეტამდე ფერწერული ნამუშევრის უმრავლესობა რატომღაც ზღვას, მხოლოდ ზღვას მიუძღვნა. ორი მათგანი დღემდე ინახება „კავკასიურ სახლში“.
მესამე სოტბის აუქციონზე გაიყიდა. რამდენიმე ივან კონსტანტინოვიჩის სახლ-მუზეუმში, ფეოდოსიაშია. ერთერთი წლების წინ გააქრეს ხელოვნების მუზეუმიდან და მისი ბედი უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ნოემბრის ბოლოს თამამშევები მხატვარს ქარვასლაში გამართული მისივე ტფილისური ტილოების გამოფენით, სადღესასწაულო სუფრით, ძვირფასი საჩუქრებით დაემშვიდობნენ. გამოფენასა და სუფრაზე შეგროვებული სოლიდური თანხა – 5 ათასი მანეთი, ივან კონსტანტინოვიჩის სურვილით, ბავშვთა პირველ ინტერნატს გადასცეს.
იაგორ თამამშევის ქონებას უმთავრესად სახლები და მიწის ნაკვეთები შეადგენდა. მისი სურვილით ერთ-ერთ მათგანზე (განის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე), 1859 წ-ს, არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით საცხოვრებელი სახლი აშენდა. აქ მოგვიანებით მიხეილ სმირნოვისა და ელისაბედ თამამშევას ოჯახმა დაიდო ბინა.
მიხეილ თამამშევი (ლიზას მამა)
მწირია საკუთრივ იაგორ თამამშევის ოჯახის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები. თუმცა შემორჩენილი დოკუმენტური მასალები ცხადყოფს, რომ მის ვაჟს მიხეილს, ცოლად – ბარბარე ვასილის ასული ყორღანოვა (ყორღანაშვილი) შეურთავს და ოთხი შვილი შეძენიათ: ორი ქალიშვილი ელისაბედი და ეკატერინე და ორი ვაჟი ვასილი და გიორგი. 1876 წ-ს მ. სმირნოვზე ქორწინებისას მშობლებმა ელისაბედს 100 000 რუბლის მზითვი მისცეს; მათ შორის 5 000 რუბლის ძვირფასეულობა, ,,გარდერობი და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საგნები და 80 000 რუბლის საღირალი”. ელისაბედს მამა-პაპისეული ქონებიდან წილი აღარასოდეს უნდა მოეთხოვა. 1882 წ-ს თამამშევების მეორე ქალიშვილი, ეკატერინე თამამშევა, ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავზე გათხოვდა და ოჯახის ქონება კიდევ ერთხელ გადანაწილდა. ხუთი საცხოვრებელი სახლი, სამი დუქანი ბნელ რიგებში, ორი მიწის ნაკვეთი მშენებარე ნაგებობებითურთ, აგარაკები კოჯორსა და კისლოვოდსკში, წისქვილი ორთაჭალაში, საძოვრები და ვენახები ნავთლუღსა თუ დიღომში – ასეთი იყო ამ დროისათვის თამამშევების ქონების არასრული სია.
(ეკატერინე, ლიზა და გიორგი თამამშევები;
თბილისი. ორლაი დე კარვას ფოტო სტუდიო)
თამამშევების მთელი ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან. ლიზას ძმა, გენერალ-მაიორის წოდების მქონე, ვასილ თამამშევი, მთავარმართებელთან განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცრის და პირველი მსოფლიო ომის დროს, ლტოლვილთა განსახლების კავკასიის ფრონტის პასუხისმგებელი წარმომადგენლის თანამდებობებს, თბილისის სახაზინო თეატრის დირექტორის საქმიანობასაც უთავსებდა (1907-1917). მეუღლესთან, ოპერის ცნობილ მომღერალ, ელისაბედ ზუბალოვასთან (ზუბალაშვილი) ერთად, ვასილ თამამშევი თითქმის ყოველწლიურად მოსკოვში, პეტერბურგსა და ევროპის უდიდეს ქალაქებში მოგზაურობდა, ეცნობოდა ამ ქალაქების საოპერო თეატრების რეპერტუარს, ნოვაციებს მართვის სისტემაში და თბილისში ცნობილ უცხოელ შემსრულებლებს იწვევდა. ვასილ თამამშევის შემოქმედებითი პოტენციალი სახვით ხელოვნება-შიც გამოვლინდა. შემონახულია ,,ზამთრის პეიზაჟი”, რომელიც მან ცარცითა და ნახშირით, ტონირებულ ქაღალდზე შეასრულა. წლების მანძილზე იგი ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ვიცე-თავჯდომარე იყო. თამამშევები ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების მდიდრულ კოლექციას ფლობდნენ, რომელსაც მიხეილ სმირნოვზე დაქორწინების შემდეგ, ალექსანდრა სმირნოვა-როსსეტის მეუღლის, სურათების კოლექციონერის, ნიკოლოზ სმირნოვის ოჯახის კუთვნილი სურათებიც შეემატა. ოჯახის განსაკუთრებული სიამაყის საგანს ამ კოლექციის მშვენება, ცნობილი რუსი მარინისტის ი. აივაზოვსკის ხუთი ფერწერული ტილო შეადგენდა. ეს ნამუშევრები
საქართველოში ვიზიტის დროს ფერმწერმა თამამშევებს თავად უსახსოვრა. 1868 წ-ს ი. აივაზოვსკი კავკასიაში მოგზაურობს. ემოციებით აღავსებს მხატვარს თბილისი , საქართველოს სამხედრო გზა, შავი ზღვის ღელვა, მტკვრის ნაპირები, მთაწმინდის ძირი და ისიც უამრავ ჩანახატს ქმნის სამგზავრო ალბომში. მათი ნაწილი, უკვე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, დასრულებული ფერწერული ტილოების სახეს იღებს. მხატვარი მთელი დღეები გამალებით მუშაობს ველიამინოვის ქუჩაზე (დღეს დადიანის № 15) თამამშევების კუთვნილ სახლში და ვერც კი ამჩნევს ფანჯრიდან მზირალ ცნობისმოყვარე თბილისელებს.
იქმნება 15 ფერწერული ტილო კავკასიის თემატიკაზე. მათი დასრულებისთანავე ი. აივაზოვსკი თამამშევების კუთვნილ ქარვასლაში გამოფენას აწყობს და რუსეთში დასაბრუნებლად ემზადება. გამგზავრების წინ კი, მხატვარი მასპინძლებს თავის ხუთ ნამუშევარს ჩუქნის: ,,ხედი ფეთხაინზე”, ,,ტრაპეზუნის ხედი”, ,,თბილისის ხედი” და ორი “ზღვის პეიზაჟი”.
მოგვიანებით ი. აივაზოვსკის ნამუშევრები თამამშევების შვილებს ელისაბედს, ეკატერინესა და ვასილს შორის გადანაწილდება. “ზღვის პეიზაჟები” ელისაბედთან რჩება და დღეს სმირნოვების სახლშია დაცული. თამამშევების ძველ სახლში, ველიამინოვის ქუჩაზე, არისტოკრატიული ,,ინგლისური კლუბი” მოქმედებდა. მისი წევრები ქალაქის წარჩინებული საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ,,ინგლისურ კლუბს” ხშირად
ეკატერინე თამამშევას მეუღლე ნიკოლოზ ერისთავი და მისი უახლოესი მეგობარი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძეც სტუმრობდნენ. მის ახლო მეგობრულ კავშირს ერისთავების ოჯახთან ჩვენამდე მოღწეული მრავალრიცხოვანი დოკუმენტური მასალებიც ცხადყოფს, მათ შორის ეკატერინე ერისთავის (ქალიშვილობაში თამამშევა) დღიურები და წერილები. ამ ქალბატონის არქივის ნაწილი, გარდაცვალების შემდეგ, 1937 წ-ს, ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა. მათ შორისაა ორი დღიური, მიმოწერა ა. ამილახვართან, ბ. შანშიევასთან, ლ. ბაგრატიონმუხრანელთან, ო. ბარიატინსკისთან, მ. ორბელია-ნთან, ბარონ უინსპერთან და ა.შ. განსაკუთრებული ღირებულებისაა მასალები ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ. ნიკოლოზ ერისთავი, პოეტს ენათესავებოდა და მისი ნეშთის განჯიდან გადმოსვენების ერთ-ერთი ინიციატორიც იყო. თავად ეკატერინე კი 1915 წ-ს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკუთარი ხარჯებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ერთტომეულის მომზადებასა და გამოცემას განიზრახავს, რისთვისაც ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტებს მოიწვევს: კ. აბაშიძე, ი. გედევანიშვილი, ი. გრიშაშვილი, გ. თუმანიშვილი, გ. ვეზირიშვილი, ს. ფირცხალავა, გ. ლასხიშვილი, გ. ჟურული, დ. შევარდნაძე, გ. რობაქიძე, ი. ჯავახიშვილი. წიგნი ილუსტრირებულია ნ. ფიროსმანის, ლ. გუდიაშვილის, გ. გაგარინის, მ. თოიძის, ვ. სიდამონ-ერისთავის ნამუშევრებით, გამოყენებულია ფოტომასალაც. კრებული გამოცემისთანავე (1922) ბიბლიო-გრაფიულ იშვიათობად იქცა. წიგნის მომზადების ორგანიზებაში ეკატერინეს დისშვილი გიორგი სმირნოვი ეხმარებოდა.
(წყ. ჩვენი მწერლობა, #6, 2006, 17 მარტი.გვ. 28, შორენა ლებანიძე; “სმირნოვების სახლი-საჩუქრად საქართველოს”, თბილისი 2009)